რა უნდა ვიცოდეთ ნიტრატების შესახებ?

ნიტრატები აზოტმჟავას მარილებია, რომლებიც ბუნებაში გარკვეული რაოდენობით არსებობს და მცენარისათვის აუცილებელ საკვებს წარმოადგენს. ინტენსიურმა სოფლის მეურნეობამ ნიადაგი გამოფიტა და საჭირო შეიქმნა დამატებითი საკვების შეტანა ხელოვნური სასუქების სახით. მაგრამ ეს მოხდა მომავალი შედეგების გაუაზრებლად. ამიტომ სახეზე გვაქვს განადგურებული უნიკალური რესურსი – მიწა და დაავადებათა მთელი ბუკეტი, რომელიც თან სდევს ორგანიზმში ნიტრატების გადაჭარბებულ მოხვედრას.
სხვადასხვა მცენარე სხვადასხვა რაოდენობით აგროვებს ნიტრატებს. ბოსტნეული ბევრად მეტს, ვიდრე ხილი და მარცვლეული. თავად ბოსტნეულშიც ლიდერობს ჭარხალი, მას კვალში მოჰყვება კომბოსტო, სტაფილო, ბოლოკი, კარტოფილი, ისპანახი, სალათები, მწვანილები და სხვა. ასევე დიდი რაოდენობით იღებენ ნიტრატებს სათბურში მოწეული პროდუქტები.

როგორია ნიტრატების დასაშვები ნორმა?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ნიტრატების მიღების დღიური ნორმა ადამიანის წონის ყოველ კილოგრამზე დასაშვებია 5 მილიგრამი. ანუ თუ ადამიანი იწონის 70 კგ-ს, მისთვის უსაფრთხო დღიური დოზაა 350 მილიგრამი. 500 ითვლება ზღვრულ დასაშვებ ნორმად, ხოლო 600 – მომწამვლელად. ახალშობილისთვის 10 მგ მომწამვლელია, მცირე დოზაც კი საშიშია მეძუძური ქალისთვის, ვინაიდან ნიტრატები პირდაპირ რძეში მიდის.
საფრთხის მასშტაბების შეგრძნება სიძნელეს არ წარმოადგენს, რადგან ჭარხალი, მწვანილი, ისპანახი და სხვა მცენარეები კილოგრამზე 4000 მილიგრამამდე ნიტრატს აგროვებს.

როგორ შევამციროთ ნიტრატების რაოდენობა პროდუქტებში?

ნიტრატები უფრო მეტად გროვდება სტაფილოს გულის ნაწილში, კომბოსტოს გარე ფოთლებში, კიხვსა და ღეროებში, ჭარხლის ზედა და ქვედა ნაწილებში, კარტოფილის და კიტრის კანში, საზამთროსა და ნესვში ქერქში, მწვანილის ღეროებში. თუ ამ ნაწილებს მოვაცილებთ, გარკვეული შეღავათი გვექნება. თუ ცივ წყალში ორ საათს გავაჩერებთ ბოსტნეულს, მასში 5-15 %-ით შემცირდება ნიტრატების რაოდენობა, თბური დამუშავება, ანუ ხარშვა და შეწვა 20-80%-ით ამცირებს მას, ნიტრატები ნახარშში გადადადის პირველი 30-40 წუთის განმავლობაში. მაგრამ აქ სხვა პრობლემის წინაშე ვდგებით, რეცხვასა და ხარშვაში თუ ნიტრატების რაოდენობა განახევრდება, სასარგებლო ნივთიერებები 95 %-ით მცირდება და ჩვენ ვიღებთ მკვდარ საკვებს, რომელიც უკაცრავად და მხოლოდ მუცლის ამოსაყორად გამოდგება. ამაზეა ნათქვამი: ვაის გავეყარე და უის შევეყარეო.

რა მოსდის ნიტრატებს ბოსტნეულის დამწნილებისას?

პირველი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ნიტრატების ნიტრიტად გარდაქმნის ინტენსიური პროცესი, შემდეგ ნელ-ნელა კლებულობს და ათი დღის შემდეგ მწნილი უკვე უსაფრთხოა. აქედან გამომდინარე წარმოიდგინეთ რასთან გვაქვს საქმე ჩვენს ბაზარზე პოპულარული დაკუწული მჟავე კომბოსტოს სახით, რომელიც თქვენს თვალწინ მზადდება ბაზრის დახლზე მარილწყალში ჩაყრითა და ძმრის ესენციის დასხმით. შემდეგ იგი ვრცელდება თბილისის მთელ სავაჭრო ქსელში და ჩვენ მისი საკვებად მიღება გვიწევს დამზადებიდან 1-3 დღის განმავლობაში, ანუ როცა ნიტრიტების რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს.(მწნილების თემას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით სხვა პრობლემასთან დაკავშირებით)

როგორ გავლენას ახდენს ნიტრატები და ნიტრიტები ჩვენს ჯანმრთელობაზე?

ნიტრატი თავისთავად მავნე ნივთიერება არაა, მაგრამ კუჭნაწლავში მოხვედრის შემდეგ ის გარდაიქმნება ნიტრიტად, რაც უკვე შხამს წარმოადგენს. ნიტრატები რეაქციაში შედის სისხლში ჰემოგლობინთან და წითელ ნაწილაკებს საშუალებას არ აძლევს რომ უჯრედებს ჟანგბადი მიაწოდოს. შედეგად ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, ნერვიული სისტემა არასტაბილური ხდება, სუსტდება ორგანიზმის დამცავი ფუნქციები. ფეხმძიმე ქალებს ექმნებათ არასასურველი აბორტის საშიშროება, მეძუძურ დედებს ეკარგებათ რძე, მცირდება მამაკაცური პოტენცია. ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა ნიტრატების მიმართ, ცნობილია პატარა ბავშვების სიკვდილი, რომელთაც მიიღეს მაღალი აზოტშემცველობის ბოსტნეულის პიურე.
მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხანგრძლივად მაღალნიტრატიანი საკვების მიღება იწვევს კუჭის კიბოს. საერთოდ ნიტრატების გადაჭარბებული მიღების შედეგია ასე მომრავლებული სიმსივნური, გულის და ალერგიული დაავადებები.

რა სიმპტომები აქვს ნიტრატებით მოწამვლას?
ნიტრატებით მსუბუქი მოწამვლისას ჩნდება ძილისრევა, სისუსტე. ტოქსიკური დოზის მიღებისას მოწამვლის ნიშნები ჩნდება ორგანიზმში მისი მოხვედრიდან 1-6 საათის შემდეგ. მძიმე მოწამვლა იწყება გულზიდებით, კუჭის აშლით, დიდდება და შეხებისას მტკივნეული ხდება ღვიძლი, მცირდება არტერიული წნევა, პულსი არათანაბარი, სუსტია, კიდურები ცივი. ხშირდება სუნთქვა, იწყება თავის ტკივილი, ყურებში შუილი. იგრძნობა საერთო სისუსტე, ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, ადამიანი კარგავს გონებას და ვარდება კომაში.

რძის პროდუქტებში თუ არის ნიტრატები?
თუ საქონელი საკვებად იღებს მაღალი აზოტშემცველობის საკვებს, მისი რძე და რძის პროდუქტები შესაძლებელია შეიცავდეს ნიტრატის ჯანმრთელობისათვის საშიშ დოზას.

კიდევ ნიტრიტების შესახებ
ნიტრატი ნიტრიტად გარდაიქმნება ჰაერში არსებული ჟანგბადისა და მიკროორგანიზმების ზემოქმედებით. ე.ი. თუ ნიტრატებით მდიდარ დაჭრილ ბოსტნეულს დატოვებთ 15-20 წუთზე მეტ ხანს ჰაერზე, თქვენ ხელთ შეგრჩებათ შხამი. ამავე მიზეზით უნდა უფრთხილდეთ დაზიანებული ბოსტნეულის ყიდვას. ბუნებრივად დაისმის კითხვა აგრე რიგად პოპულარულ, ცოცხალ, ერთი შეხედვით ჯანსაღ საკვებად მიჩნეული სალათების მიმართ. ნიტრიტებად გარდაქმნის პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს პროდუქტში, რომელიც რამდენჯერმე იცვლის ადგილს მაგიდასა და მაცივარს შორის. გამოსავალი? ისევ ეკოპროდუქტები.
ნიტრიტი გამოიყენება ხორცის გადამამუშაველ მრეწველობაში როგორც კონსერვანტი და პროდუქციისათვის თვალმახარა წითელი ფერის მიმცემი. ძეხვეულისა და შებოლილი ხორცეულის ხასხასა წითელი ფერი ნიტრიტების წყალობითაა მიღებული, აქედან განსაზღვრეთ თუნდაც ამ პროდუქტების მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

თუ არსებობს მონაცემები თბილისის ბაზარზე არსებულ პროდუქტებში ნიტრატების შემცველობის შესახებ?
სისტემატური კონტროლი არ არსებობს. ცალკეული სამსახურების მიერ ხდება შერჩევითი შემოწმება, მაგრამ ბაზარი იმდენად ცვალებადია, რომ ასეთი შემოწმებები საერთო სურათს ვერ იძლევა. წინა წლების გამოცდილებით ჩვენი ანალიზების შედეგად ნიტრატების რაოდენობით ლიდერობს ტარხუნა 2700-3000 მგ/კგ, მას მოსდევს ბოლოკი – 1500-1700 მგ/კგ, რიგში მოდიან მწვანილები – 700-1300 მგ/კგ, კიტრი – 500 მგ/კგ და სხვა..

ნიტრატების შემცველობა ცვალებადობს არა მარტო სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციაში, არამედ ერთი და იგივე მეურნეობაშიც კი იმის და მიხედვით, თუ როგორი ამინდები დაემთხვა მოკრეფის წინა პერიოდს. უმზეო ამინდში მცენარეები ნიტრატებს უფრო მეტად აგროვებს…

გამოსავალი?
ან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, ანდა ცოდნა ნიტრატების შემცველობისა თქვენს პროდუქტებში, რათა თავიდან აიცილოთ მისი გადაჭარბებით მიღება.

იმ ბოსტნეულში, რომელიც ხანგრძლივად ინახება (კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, ხახვი და სხვა), დროთა განმავლობაში ნიტრატების შემცველობა თანდათან მცირდება, შუა ზამთარში დოზა უკვე განახევრებულია, ხოლო გაზაფხულზე მინიმუმამდე დადის.

დატოვე კომენტარი

Filed under ეს უნდა იცოდეთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s