ობი, გაშინაურებული მტერი

უკანასკნელ ხანებში სულ უფრო ხშირად გაისმის ობის მავნებლობის შესახებ, რომელიც იწვევს დაავადებებს სასუნთქი გზებიდან დაწყებული და სიმსივნით დამთავრებული. მოდით გავერკვეთ, რაშია საქმე?
“ობიანი პური შეჭამე და ფულს იპოვიო,” ალბათ ბევრს ახსოვს ბებიების ნათქვამი. ეს გამოთქმა გაჩნდა მაშინ, როცა პურს ოჯახში აცხობდნენ, ერთი კვირის მარაგს და როგორც წესი ნაწილი ობდებოდა, მას კი გასაღება უნდოდა, ხომ არ გადაყრიდნენ?
ასე გრძელდებოდა მთელი თაობების განმავლობაში და ლოგიკურად დაისმის კითხვა: “მაშ რატომ არ იხოცებოდნენ? უფრო მეტიც, ძალიან ჯანმრთელები იყვნენ.” თუ რამდენად იყვნენ “ძალიან ჯანმრთელები”, ამაზე სხვა დროს ვიმსჯელოთ, ახლა კი განვიხილოთ თუ “რატომ არ იხოცებოდნენ?”
ადამიანს გააჩნია დაცვის მთელი სისტემა-იმუნური სისტემა. წარმოიდგინეთ ადამიანი ციხე-სიმაგრედ, რომელსაც შიგნიდან და გარედან დამცველები აკონტროლებენ. მრავალრიცხოვანი მტერი ცდილობს ამ ციხეგალავანში შემოჭრას. დაცვა მას იგერიებს. ზოგჯერ მტერმა შეიძლება გალავანი გაარღვიოს, ან სადმე ხვრელი იპოვოს და შევიდეს გალავანს შიგნით, დაცვა ახლა შიგნით აგრძელებს ბრძოლას. ისეც ხდება, რომ ხანდახან გალავანს შიგნითაც ტყდება შიდა ბუნტი, დაცვა ცდილობს ამ ბუნტის ჩაქრობასაც. იმისათვის რომ დაცვამ ამდენ შემოტევებს გაუძლოს, საჭიროა მისი წვრთნა, შეიარაღება, ახალი რესურსებით შევსება, თუ ეს არ ხდება დაცვა თანდათან სუსტდება, ვეღარ ერევა ვერც გარეულ და ვერც შინაურ მტერს და ბოლოს კაპიტულაციას აცხადებს. მტერი ანადგურებს ციხე-სიმაგრეს.
ძველ დროში რომ უძლებდნენ ობის შემოტევას, მაშინ არც მტერი იყო ამდენი და ცოტა მტრის გამკლავებას ასე თუ ისე ახერხებდა ჩვენი იმუნური სისტემა. ახალ დროში მტერი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გახდა: შხამქიმიკატები, მინერალური სასუქები, მავნე საოჯახო და პირადი ჰიგიენის საშუალებები, ელექტრო-მაგნიტური ტალღები, გამონაბოლქვები, უმოძრაობა და სხვა. ამხელა შემოტევას უკვე ვეღარ უძლებს ჩვენი დაცვა და ობიც თავის გასაკეთებელს იოლად აკეთებს.

რას წარმოადგენს ობი?
ობი სოკოების კლასს ეკუთვნის. დედამიწაზე უკვე 200 მილიონი წელია რაც ბინადრობს, 100 ათასამდე სახისაა და მეცნიერთა აზრით მხოლოდ ასია მავნე. სწორედ ამ ასიდან რამდენიმე ძალიან გაუშინაურდა ადამიანს საცხოვრებელშიც და ორგანიზმშიც.
უვნებელ და სასარგებლო ობის ნაირსახეობებს ვხვდებით ევროპაში ასე პოპულარულ ობიან ყველში, ღვინოში, საფუარში, ობისგანაა დამზადებული პენიცილინი და სხვა.

ამჯერად ჩვენი მიზანი სახლში მტრად შემოჭრილი ობის გაცნობაა საზოგადოებისთვის. იგი ვრცელდება ჰაერში მიკროსკოპული სპორების სახით. ის არის ყველგან, ყველაზე სტერილურ გარემოშიც კი, მაგ. კოსმოსურ ხომალდში, ყველაზე მაღალრადიაციულ გარემოშიც კი, ჩერნობილის სარკოფაგში, ამათთან რა მოსატანია ჩვენი საცხოვრებელი. ობი ბუდობს სააბაზანოში, ტანსაცმელზე, წიგნებზე, ხალიჩებზე, კედლებზე, განსაკუთრებით სადაც ავეჯია მიდგმული. შესაფერი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში ის იწყებს გამრავლებას და ქმნის კოლონიებს, რომლებიც ზოგი ფუმფულა ბეწვეულს მოგაგონებთ, ზოგი შავ ლაქას, ზოგი მწვანე ხავსს და სხვა.
ობი მრავლდება წარმოუდგენლად სწრაფად. დაობებულ პურში რომ შავი წერტილებია, 50 ათასამდე სპორას შეიცავს და რამდენიმე დღეში თითოეული მათგანი ასეულ მილიონებად იქცევა.
ობი გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებას-მიკოტოქსინებს, რომლებიც ძალიან მავნეა ადამიანებისა და ცხოველებისათვის. ეს იცოდნენ ძველ დროშიც, ასირიელები ძვ.წ. VI საუკუნეში მას როგორც ბიოლოგიურ იარაღს, ისე იყენებდნენ, წამლავდნენ მტრის ჭებს. თანამედროვე ბიოლოგიურ იარაღშიც იგივეა გამოყენებული. ობის მიერ გამოყოფილი ნივთიერება აფლატოქსინი ძლიერი კანცეროგენია და იწვევს სიმსივნეს.

ობმა შეიძლება გამოიწვიოს გაძნელებული ან ზედაპირული სუნთქვა, ხუთვა, ცხვირის ლორწოვანი უბეების გასიება, თვალების წვა, ცრემლდენა, გაწითლება, მშრალი წყვეტილი ხველა, ყელის წვა, თავბრუს ხვევა, შაკიკი, გამონაყარი კანზე, ასთმა, ალერგიის ისეთი ფორმები, რომელთა დიაგნოსტიკა ძალიან ძნელია, ტუბერკულიოზი, კიბო. შედარებით იოლად ერევა ადამიანებს, ვისაც სასუნთქი გზების პრობლემები აქვთ, ბავშვებს, სუსტი იმუნური სისტემის მქონეთ შინაგან ორგანოებზე შეიძლება მოედოთ..
რატომ გახდა უკანასკნელ წლებში ობის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური მთელი მსოფლიოს მასშტაბით?
მნიშვნელოვანწილად ეს განპირობებულია ახალი სამშენებლო მასალების და ტექნოლოგიების დანერგვით. თანამედროვე ფითხები (შპაკლოვკა), თაბაშირ-მუყაო ძალიან ხელსაყრელ საარსებო გარემოს წარმოადგენს ობისათვის, თუ საცხოვრებელში ტენიანობა მომატებულია. საცხოვრებლის ჰერმეტიულობის გაუმჯობესებამ მეტალო-პლასტმასის ფანჯრების გამოყენებით შეამცირა საცხოვრებელში ბუნებრივი განიავება და იქ მოხვედრილი ტენი უკვე დიდხანს ტრიალებს, რაც ხელს უწყობს ობის განვითარებას.

რა ვიღონოთ?
არ შევუქმნათ ხელსაყრელი გარემო ობის სპორებს გასამრავლებლად. საცხოვრებელი უნდა იყოს მშრალი, განიავებული, არსად გროვდებოდეს სისველე.
ოთახის მცენარეების რაოდენობა საცხოვრებელში დაიყვანეთ იმ დონემდე, რომ მისი ანაორთქლი არ ქმნიდეს მოჭარბებულ ტენიანობას. ამასთანავე ეცადეთ უფრო მრავლად იქონიოთ ეთერზეთოვანი მცენარეები, ისინი გამოყოფენ ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ანადგურებს ობის სპორებს. მაგ. გერანი, ბარამბო, სოჭი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა ეთერზეთები (ევკალიპტის, ჩაის ხის, სოჭის), რეგულარულად დააწვეთოთ საცხოვრებელში. ამით ჰაერსაც გაწმენდთ და თქვენს ჯანმრთელობასაც არგებთ.
ხის კონსტრუქციები დაფარეთ ნატურალური ანტისეპტიკებით, გამოიყენეთ გაჟღენთილი ხე-მასალები.
ახალმშენებლობისას და რემონტის კეთებისას უმჯობესია მცირე ხარჯად სპეციალისტ-ეკოლოგის რჩევები გაითვალისწინოთ, ვიდრე შემდგომში უფრო მეტი ხარჯი გადაკეთებასა და შელახული ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე გაიღოთ.

ობი, ხშირად თვალით უხილავი, დიდი რაოდენობითაა ხანგრძლივი შენახვის კვების პროდუქტებზე, ბოსტნეულზე (სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, კარტოფილი), ხილზე. ჯერ კარგად გარეცხეთ ცხელ წყალში ჯაგრისის ან ღრუბელის გამოყენებით და შემდეგ გათალეთ. ზოგი დიასახლისი ჯერ თლის კართოფილს და შემდეგ რეცხავს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამ დროს ობის სპორები და მიკოტოქსინები შედის რბილობში და იქიდან მისი სრულად გამორეცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს დაობებული ნიგოზი როგორც ცალკე, ისე ჩურჩხელაში.
იცოდეთ, თუ მურაბამ, საწებელმა ნებისმიერმა საჭმელმა ობი მოიგდო, მისი ზემოდან მოწმენდა არ შველის, სპორები უკვე მთლიანადაა მასში მოდებული.

თუ ობი უკვე ბუდობს ჩვენს სახლში?
თუ შესაძლებელია ცეცხლის ალით მოწვა, მაგ ხელის სანთურით, მოწვით და მერე ჩამოფხიკეთ. შეგიძლიათ მოაყაროთ საჭმელი სოდა და მერე მიასხუროთ ძმარი, რეაქციის შედეგად იწყება ქაფ-ქაფი. რეაქციის დასრულების შემდეგ მაგარი ჯაგრისით ჩამოფხიკეთ და მერე მოწმინდეთ. არსებობს ქიმიური საშუალებები, რომელთა გამოყენებისას იფრთხილეთ, ამასთანავე საცხოვრებელი კარგად გაანიავეთ.

გამოხმაურებები:

ხათუნა

მოგესალმებით! ჩემს სახლში არის ძალიან დიდი რაოდენობით ობი. კედლებზე საშინლად ედება. ყოველ გაზაფხულზე ვწმენდ, მაგრამ როგორც კი შემოდგომა დგება, ჩემი დიდი პრობლემაც აქედან იწყება. ყელში უკვე მაქვს დიდი პრობლემები. ბურთების მაგვარი რაღაცეები. მაქვს ხველება და ყელის წვა. რემონტი გავაკეთე, მაგრამ ისევ გაჩნდა ობი და შავად ედება. გთხოვთ დამეხმაროთ და მირჩიოთ რა ვიმოქმედო. საშუალებაც აღარ მაქვს ხელახლა რომ გავარემონტო. ექიმებიც ვერ ხვდებიან რა მჭირს. ეს ინფორმაცია რომ წავიკითხე, მივხვდი რომ 100% ობის პრობლემები მაქვს და სასწრაფოდ მჭირდება თქვენი დახმარება. წინასწარ დიდი მადლობა. პატივისცემით.

2 Comments

Filed under საცხოვრებლის ეკოლოგია

2 responses to “ობი, გაშინაურებული მტერი

  1. obis soko dalian sashishia sakvebad

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s