ეკოსახლი

უკანასკნელი 30-35 წლის განმავლობაში განვითარებულ ქვეყნებში რევოლუცია დაიწყო სამშენებლო სფეროში, როცა ბრუნვაში შემოვიდა და დამკვიდრდა ცნებები: ეკოსახლი, მწვანე სახლი, ენერგოეკონომიური და ენერგოეფექტური ნაგებობა და სხვა. თავიდან ეს ტარდებოდა როგორც ეკოლოგიური ღონისძიება, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, შემდეგ დაემატა ჯანსაღი სახლის ცნება, ხოლო ბოლო წლებში ენერგო რესურსებზე ეკონომიური მოთხოვნილებაც.
დღეისათვის უამრავი ტექნოლოგია, მეთოდი და მასალაა შექმნილი ეკომშენებლობისათვის. საქართველოში საუკუნეების მანძილზე მშენებლობა დღევანდელი გაგებით ეკოლოგიური ნორმებით ტარდებოდა. მეოცე საუკუნემ მოგვწყვიტა ბუნებრიობას და ოცდამეერთეშიც მისი ინერციით მივექანებით…

ხომ გსურთ დღეგრძელობა და ჯანმრთელობა თქვენთვის და თქვენი შთამომავლებისათვის? მაშინ სერიოზულად იფიქრეთ ჯანსაღ სახლზე…
დღეისათვის ჩვენში ტრადიციულად არსებული სამშენებლო ტექნოლოგიები და მასალები არანაირად არ პასუხობს ეკოლოგიური მშენებლობის პრინციპებს. ხოლო ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით ალბათ ერთი ხელის თითები გვეყოფა უკანასკნელ წლებში აგებულ შენობათა ჩამოსათვლელად, სადაც გათვალისწინებული იქნა ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები.
ჩვენი საცხოვრებლები (ასევე ოფისები) ნელი მოქმედების ნაღმებია, რომლებიც 10-15 წლით გვიმოკლებს სიცოცხლეს.
პრობლემები იწყება დაპროექტებიდან როგორც კონსტრუქციულ, ისე სამშენებლო და სარემონტო მასალების ასპექტში. მათ დაბოლოებას წარმოადგენს მავნე ნივთიერებების შემცველი მოსაპირკეთებელი მასალები (ფითხები, საღებავები, ლაქები, წებოები).

არსებობს თუ არა დღევანდელ საქართველოში ეკოსახლის აშენების პირობები?

დიახ, უკვე არსებობს. დაგვიკავშირდით:
უფასო კონსულტაცია ტელეფონზე ეკოსახლის აშენებასთან და რემონტთან დაკავშირებით;
კონსულტაცია ადგილზე გასვლით – თბილისისა და შემოგარენის ფარგლებში – 100 ლარი;
კითხვა-პასუხები

რა ნიშნავს ეკოსახლი?
ეკოლოგიური (მწვანე სახლი) სახლი როგორც წესი მოიაზრება ორ-სამ სართულიანად საკუთარი ეზოთი. მისი კონსტრუქცია განსხვავდება ტრადიციული კოტეჯებისგან და ვილებისგან. ეკოსახლი იგულისხმება რომ თავისთავად ენეგოეფექტურია, ამასთან ერთად მას მოეთხოვება გარემოზე მინიმალური მავნე ზემოქმედება და რაც მთავარია, იგი გულისხმობს ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს. ანუ მშენებლობისას გამოყენებული ნებისმიერი მასალა უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა. ევროკავშირსა და ჩრდილო ამერიკაში შემუშავებულია შესაბამისი სტანდარტები. ყოველგვარი ხელშეწყობა ხდება ამ მიმართულების განვითარებისათვის, რაც განპირობებულია ადამიანების სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებით, რომელიც გამოწვეულია არაჯანსაღი საცხოვრებელი გარემოთი.
ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური უნდა იყოს საქართველოსათვის, მაგრამ დღეს ინფორმაციულადაც კი სადღაც მივჩანჩალებთ, პრაქტიკულ კეთებას რომ თავი დავანებოთ.

რა ნიშნავს ენერგოეფექტური სახლი?
ენერგოეფექტური შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის სახლი, იგი მოიხმარს რამდენჯერმე ნაკლებ ენერგიას, ვიდრე ტრადიციული. დღეს დასავლეთში უკვე შენდება ავტონომიური, გარე ენერგიის ნულოვანი მომხმარებელი სახლებიც კი. ენერგოეფექტური სახლების თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო წლებში მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების გაძვირების გამო. საქართველოში მშენებლობაში ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვის საკითხი თუნდაც მოკრძალებულად, ხანდახან მაგრამ მაინც გაისმის, მაგრამ სახლად წოდებული რკინა-ბეტონის ბუნკერების მშენებლობა სულ უფრო მეტი ტემპით მიდის. ჩვენში მიმდინარე დღევანდელი მშენებლობა არ ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის ყველაზე ელემენტარულ მოთხოვნებსაც კი, ეკოლოგიურობაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. საბჭოთა კავშირის დროს საქართველო მიჩნეული იყო თბილ ქვეყნად და ბევრი სამშენებლო სტანდარტი, რაც თუნდაც კედლის დაბალ თბოგამტარობას, ან ორმაგ ფანჯრებს ითვალისწინებდა, საქართველოს არ ეხებოდა (თუმცა საკითხავია, გეოგრაფიული ზონა, სადაც 6-7 თვე ბარშიც კი გათბობაა საჭირო, მთას რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება ჩაითვალოს თბილად). ენერგოეფექტური სახლის მშენებლობა გარკვეულწილად ძვირი ჯდება ტრადიციულთან შედარებით. სამაგიეროდ შემდგომი ექსპლოატაციის სიიაფე ფარავს ზედმეტად გაწეულ ხარჯებს.
უკვე აშენებული და ექსპლოატაციაში გაშვებული სახლიც შეიძლება მოპირკეთდეს ენერგოდამზოგავი მასალებით, თუმცა ეს უფრო მეტ ხარჯებს მოითხოვს, ვიდრე მშენებლობისას რომ ყოფილიყო გათვალისწინებული.

ბაზარზე ხშირად გვეუბნებიან, რომ მათი პროდუქცია ევროსტანდარტებითაა წარმოებული და შესაბამისად ეკოლოგიურია. რას გვეტყვით ამის შესახებ?
ჩვენში ვერ ნახავთ სამშენებლო-სარემონტო მასალების მწარმოებელ თუ შემომტან კომპანიას, რომ არ აქებდეს თავის პროდუქციას თუნდაც ეკოლოგიურობის თვალსაზრისით. ხშირად გაიგონებთ, რომ მისი პროდუქცია ევროსტანდარტებითაა წარმოებული. უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპაშიც ერთი და იგივე პროდუქცია სხვადასხვა სტანდარტის შეიძლება იყოს, თავისთვის წარმოებული ხარისხით საგრძნობლად განსხვავდება ჩვენნაირ ქვეყნებში გასატანისგან. ამასთანავე ის კარგი ევროსტანდარტიც კი არ ნიშნავს ეკოლოგიურს. დაგვერწმუნეთ, ეკოლოგიურობა იმდენად პრესტიჟულია, რომ ესა თუ ის მასალა ეკოლოგიურ მოთხოვნებს რომ სრულად აკმაყოფილებდეს, მწარმოებელი აუცილებლად აიღებდა შესაბამის სერთიფიკატს და მის მარკას დაარტყამდა პროდუქციაზე. როგორ შეიძლება ეკოლოგიური უწოდო მაგ. საღებავს, როცა ინსტრუქციაში უწერია, რომ მასთან უნდა იმუშაო აირწინაღით და ხელთათმანებით, მოხმარებისას სათავსო უნდა გაანიავო, ბავშვები ახლოს არ უნდა გააკარო და სხვა. ზოგიერთი თვლის, რომ საღებავთან შედარებით შპალერი უფრო უსაფრთხოა. აქაც ხარისხებია. ჩვეულებრივ შპალერზე დატანილი პოლიგრაფიული საღებავი შეიცავს ჯანმრთელობისათვის ძალიან მავნე ნივთიერებებს.

თუ ნამდვილად ევროპიდან შემოტანილ მასალებს იძენთ, იმაშიც დარწმუნდით, რომ ის ევროპისთვისაა დამზადებული და არა განვითარებადი ქვეყნებისთვის.

დამკვიდრებულია შეხედულება, რომ ნატურალური მასალა ეკლოგიურია, ხოლო ხელოვნური (ქიმიური) – მავნე. რამდენად სწორეა ასეთი მიდგომა?
ეს ერთ-ერთი მცდარი შეხედულებაა. მაგალითად, ყველასათვის კარგად ცნობილი ქაფპლასტი, რომელიც გამოიყენება შესაფუთად, მშენებლობაში თბო და ხმაიზოლატორად, კვების პროდუქტების დასაფასოებლად და შესაფუთადაც კი, ქიმიური პროდუქტია, მაგრამ აბსოლუტურად ეკოლოგიური.
ცემენტი, რომელიც მიღებულია ბუნებრივი ქანის გამოწვითა და დაფქვით, არ ითვლება ეკოლოგიურ მასალად, მაშინ როცა კირქვის გამოწვის შედეგად მიღებული კირი ეკოლოგიური მასალაა. ბუნებრივი ქვა, განსაკუთრებით ვულკანური წარმოშობის, შეიძლება იმდენად მაღალი რადიაციის იყოს, რომ მისი გამოყენება საცხოვრებელში არ შეიძლებოდეს.
საყოველთაოდაა ცნობილი მტკვრის ქიმიური და ბიოლოგიური დაბინძურების შესახებ. თავად განსაზღვრეთ რამდენად ეკოლოგიური და უსაფრთხო იქნება იქიდან ამოღებული ნატურალური ხრეშით ჩამოსხმული ბეტონი ან ბლოკი? შეიძლება რომელიმე მასალა 90 % ნატურალური და ეკოლოგიური იყოს, მაგრამ 10% ისეთ დანამატებს შეიცავდეს, რომ მისი ეკოლოგიურობა სულ გადაშალოს.
„ედემის ჯგუფი“ მიზანმიმართულად შეისწავლის ნებისმიერ სამშენებლო მასალას, რომლის გამოყენებასაც ითვალისწინებს და მხოლოდ შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. ბევრი საჭირო მასალა საქართველოს ბაზარზე პრაქტიკულად არ იშოვება და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მას გამოვიწერთ უცხოეთიდან.

ეკოსახლის აშენება ძვირი ჯდება?
გააჩნია რა ტექნოლოგიებს და მასალებს იყენებთ. არსებობს გზა, რომლითაც ტრადიციულზე ბევრად იაფი დაგიჯდებათ სახლის აშენება, ამის მშვენიერი მაგალითია დასავლეთში დღეს ძალიან პოპულარული ნამჯის სახლი. თუ პრესტიჟულ სახლზე გაქვთ პრეტენზია, ამ დროს ცხადია ხარჯები იზრდება, თუმცა არა საგანგაშოდ. ფასზე ძირითად გავლენას ახდენს თავად ძვირადღირებული მოსაპირკეთებელი მასალები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ან არა.

დაცვის მექანიზმებს თუ ითვალისწინებს ეკოსახლის მშენებლობა?
ჩვენი სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე ეს აუცილებელია, მაგრამ ეკოსახლში გამორიცხულია კარებსა და ფანჯრებზე რკინის ცხაურების და სხვა მსგავსი სიმახინჯეების გაკეთება. არ შეიძლება ადამიანი საკუთარი ფანჯრიდან როგორც ციხის საკნიდან ისე იყურებოდეს, ფასადის დამახინჯებას რომ თავი დავანებოთ. არსებობს საშუალებები, რომლებსაც თვალით ვერც შეამჩნევთ თუ ფანჯარას უკეთია, სიმაგრე კი იგივე რკინის ცხაურისა აქვს. არსებობს უფრო რთული საშუალებებიც თანამგზავრული სისტემების ჩათვლით. ეს უკვე თქვენს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

 

დატოვე კომენტარი

Filed under ჯანსაღი სახლი

დატოვე კომენტარი